დედოფლისწყაროს 5 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

740

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოსა და ქვემო ქედში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ჯამში 55 636 გრძივი მეტრის გაზსადენი აშენდა, რომლის საშუალებითაც 1 296 კომლი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას

“სოფელ ზემო ქედში ტექნიკური პროცედურული პრობლემების გამო სამუშაოები შედარებით გვიან დაიწყო, ამდენად, ამ სოფელში მცირე ჩამორჩენაა თუმცა, სამუშაოები წელსაც გრძელდება. ამას გარდა, პირველ ეტაპზე, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში შიდა ქსელის მოწყობა დასრულდა ასევე ალაზნისპირა სოფლებში სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში. პრემიერის განკარგულებით დედოფლისწყაროს სოფლების გაზიფიცირებისთვის 2018 წელს 11 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, გაზი ისეთ სოფლებში შედის, სადაც ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა. დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წელს გაგრძელდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს”,- აცხადებენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.