სამცხე–ჯავახეთში 152 სოფელში შეშის ღუმელებით თბებიან. რამდენი დასახლება გაზიფიცირდება წელს, რეგიონში მომუშავე გაზის კომპანიებმა ჯერ ამის შესახებ არ იციან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენის 57 დასახლებული პუნქტიდან გაზი შეყვანილი მხოლოდ სამშია, ახალციხეში 45 სოფლიდან გაზიფიცირებული 14–ია, ასპინძაში 25 დასახლებიდან ბუნებრივი აირი ოთხშია, ბორჯომში 34 სოფლიდან გაზიფიცირებული 18–ია, ახალქლაქის 64 სოფლიდან გაზი შეყვანილი 42–შია, ნინოწმინდაში კი 31 სოფლიდან 22 უკვე გაზიფიცირებულია.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით გაზიფიცირების პროცესი მხოლოდ ადიგენის სამ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. მათ შორის ერთ–ერთი კურორტი აბასთუმანია.
რომელი სოფლის გაზიფიცირება როდისთვისაა დაგეგმილი თვითმმართველობებში ამის შესახებ ზუსტად არ იციან.
“ამ ეტაპზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია ინფორმაცია რა ვადებში დაიწყება დარჩენილ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები“,– ნათქვამია ასპინძის მერიიდან მიღებულ წერილში.
ბორჯომის მერიაში კი აცხადებენ, რომ დარჩენილი 16 სოფლიდან 13–ის გაზიფიცირება მიმდინარე წელს იგეგმება, სამში კი არავინ ცხოვრობს და იქ გაზი როდის შევა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.