ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, სამსახურების უფროსებმა უკვე წარმოადგინეს თანამშრომელთა შეფასება, რის მიხედვითაც გადაწყდება ვინ დატოვებს თვითმმართველობას. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ მერიაში აცხადებდნენ, რომ პროცესი შტატების როგორც შემცირებას, ასევე, გაზრდას გულისხმობს თუმცა, ამჯერად ირაკლი გიორგაძემ მხოლოდ გასათავისუფლებელ პირთა სიაზე ისაუბრა.
“ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უკვე წარმოდგენილია თანამშრომელთა შეფასებები. ახლა უნდა მომზადდეს პროექტები და თუ შტატის შეცირება იქნება საჭირო, იანვრის ბოლოსთვის შედგება გასათავისუფლებელ პირთა სია, რომელიც შემდეგ გადაეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს. რეორგანიზაციის პროცესი დაახლოებით თებერვლის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დატოვებს სამსახურს, ქალაქის მერი იღებს. ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია 4 დეკემბერს გამოცხადდა.
რეორგანიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატის, ალეკო ახალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს. ოპოზიციამ პროცესს “სადამსჯელო ოპერაცია” უწოდა, რომელიც მათი თქმით, იმ ადამიანების მიმართ გატარდება, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის
სასარგებლოდ არ იყო ჩართული.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა, შესაძლოა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც დატოვოს. რაზეც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.