ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება

1297

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს. ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის თქმით, უცნობია, რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია, მაგრამ ცნობილია ის, რომ “ქართული ოცნების” ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდონში. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“მერია გეგმავს რეორგანიზაციას, არაა გამორიცხული ე.წ.  შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩინოვნიკები მოყვნენ. მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას და ამაზე უკვე გააკეთა განცხადება ზოგიერთმა თანამდებობის პირმა. მერიაში მართლაც საჭიროა რეორგანიზაცია, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. ამასთან მერიაში აპირებენ ხელფასების გაზრდას”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერიაში “ევროპული საქართველოს” განცხადებას, რომ მოსალოდნელია რეორგანიზაცია არ უარყოფენ.

“ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია,  ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა,რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

როგორც აღნიშნავენ, გამორიცხულია სამსახურიდან ვინმეს გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდეს.

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე გამოცემა”ნიუპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ რეორგანიზაცია არ გულისხმობს ატესტაცია-კონკურსს და ის შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამსახურების შერწყმით ან განცალკავებით.

“რეორგანიზაცია არ ნიშნავს ატესატაცია-კონკურსს. შეიძლება რეორგანიზაციით მოხდეს სამსახურების შერწყმა, გაყოფა, შტატების შემცირება, ან გაზრდა. გააჩნია სამსახურის უფროსები რა ინფორმაციას წარმოადგენენ. მიმდინარეობს მუშობა, მათ უნდა წარმოადგინონ წინადადებები, შეიძლება შტატი ჭირდებათ, ან ზედმეტი თანამშრომელი ყავთ. რეორგანიზაცია ნიშნავს ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას. რეორგანიზაცია მოხდა ერთი წლის წინ. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც სატესტო რეჟიმში იმუშავა. გამოვლინდა გარკვეული საჭიროებები, რამაც რეორგანიზაციის აუცილებლობა მოითხოვა. გადაჭრით ვერ ვიტყვით, გაიზრდება თუ არა სამსახურების რაოდენობა, პროცესი გამოაჩენს, თუმცა გამორიცხული არაფერია”, -განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

რეორგანიზაციის შესახებ მერმა ბრძანება 30 ნოემბერს გამოსცა. თანამშორმლებს უკვე ეცნობათ, რომ რეორგანიზიაცია სამ თვეს გაგრძელდება და 28 თებერვალს დასრულდება. გიორგაძის ინფორმაცით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის ა(ა)იპ-ებზე.

რაც შეეხება სამსახურების რაოდენობის ცვლილებას, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, მერიაში 13 საჯარო მოხელის პოსტი უნდა არსებობდეს. თუ რომელიმე  სამასახური გაიყოფა, მათ ცალკე ჩამოყალიბებას არ არის გამორიცხული მერის მოადგილის პოსტი, ან სხვა სამსახური შეეწიროს.

შეგახსნებთ, რომ სამსახურების დამსხვილება გასულ წელს მოხდა და მერიაში 9 სამსახური დარჩა, მერი კი სამი მოადგილით არის წარმოდგენილი.