“თუ თქვენ აპირებთ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჯოხი გადატეხოთ საბინაო სამსახურზე, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ამით დაზარალდება ქალაქის ინტერესები”, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი რეორგანიზაციის ფარგლებში საბინაო სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს საქმიანი ინტერესიდან გამომდინარე და მას არ უნდა ახლდეს პოლიტიკური ნიშანი. ოცნების ადგილობრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი ნიშა რეორგანიზაციისა იქნებოდა სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. თუ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში გაჟღერებული აზრი, რომ შეიძლება მოხდეს საბინაო სამსახურის რეორგანიზაცია და მისი სხვა სამსახურთან შეერთება, არ იქნება სწორი და საქმიანი გადაწყვეტილება, რადგან საბინაო და მრავალსართულიან კორპუსებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა ცალკე სამსახურის არსებობა, რადგან მოხდეს ეფექტურად იმ საკითხების გადაჭრა, რაც მრავალსართულიანი ბინების წინაშე დგას. სხვა სამსახურთან შეერთება გამოიწვევს უამრავ ბიუროკრატიულ პრობლემას”, -განმარტა მეშველიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და 2019 წლის 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.
რეორგანიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატის, ალეკო ახალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს. ოპოზიციამ პროცესს “სადამსჯელო ოპერაცია” უწოდა, რომელიც მათი თქმით, იმ ადამიანების მიმართ გატარდება, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის
სასარგებლოდ არ იყო ჩართული.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა, შესაძლოა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც დატოვოს. რაზეც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.