კალაძე: ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ

632

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მიზანი ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, აღნიშნული რეფორმის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებისთვის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება ბევრად კომფორტული იყოს.

“ის ნაბიჯები, რომელიც პირველ ეტაპზე გადაიდგა, სწორედ იმის საწინდარია, რომ ამ სერვისით მომსახურება საუკეთესო იყოს. იყო მცდელობა, რომ ჩემი განცხადების უტრირება მოეხდინათ. მინდა, აღვნიშნო, რომ რეფორმის პარალელურად, ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ავტობუსები, მეტრო იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ამდენი ახალი ავტობუსის შემოყვანას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, იხაზება სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ქალაქში საცობების ფონზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული იყოს. თავიდან იყო საუბარი, რომ ეს არის ყველაზე გაჭირვებული ფენა და თითქოს ჩვენ რაღაცას ვართმევთ ამ ადამიანებს. პირიქით, ჩვენ მათ ვთავაზობთ დამატებით სარგებელს და შესაძლებლობას, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ამასთან, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მათთვისაც ტაქსი უნდა იყოს სუფთა და გამართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით კი, ტაქსის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ტაქსის მფლობელების, ისე მომხმარებლების ინტერესში შედის.

“ჩვენ ტაქსისტებს ხელს კი არ ვუყოფთ ჯიბეში, არამედ ტაქსის ბაზარს, ტაქსის ინდუსტრიას ვქმნით, რაც კარგია როგორც ტაქსისტისთვის, ასევე, მომხმარებლისთვის. თუ არავის გსმენიათ მოქალაქეების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა დაბალ დონეზეა დღეს ტაქსის მომსახურება, მე შემიძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი, ეს კარგი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აქამდე ვერავინ მოახერხა. ჩვენ ეს საქმიანობა ნებართვას დავუქვემდებარეთ. დღეისთვის უკვე ტაქსით მომსახურების 23 ათასამდე ნებართვა გვაქვს გაცემული და ეს ადამიანები რეფორმის, განვითარების გზაზე დგანან, რომელიც წლიდან წლამდე განხორციელდება. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგი ვერ დაიდებოდა, რადგან ეს არის გრძელვადიანი რეფორმაა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარ იქნება.

26 დეკემბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 24 315 ნებართვა, საიდანაც 71 ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით. ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები უკვე დაიხაზა.