ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალაკონცერტისათვის, საკონცერტო სცენით, სასცენო განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებისათვის ქალაქის მერია 23 000 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
შესაბამის ელექტრონულ ტენდერზე განცხადებების შერჩევა მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილეობის მიზნით ორი განაცხადი დაფიქსირდა.
ტენდერში გამარჯვებულის ვალდებულება ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო გალა-კონცერტისათვის საკონცერტო სცენით, სასცენო განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების უზრუნველყოფა იქნება. მის მოვალეობაში შედის ასევე სცენის, ხმის სისტემის, განათების და ტექნიკური პერსონალის ტრანსპორტირება.
წლევანდელ საახალწლო გალაკონცერტზე ქუთაისში რობი კუხიანიძე და ჯგუფი”აუთსაიდერი”, ასევე ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ.
ასევე, ცნობილია, რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში საახალწლოდ. ამასთან, ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხეს საზეიმოდ 28 დეკემბერს გაანათებენ.
ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის შესაძენად 109 873 ლარი, ხოლო საახალწლო ფეირვერკებისათვის 16 408 ლარი გამოყო. ასევე, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.
ქუთაისში საახალწო გარევაჭრობა 1 თვით ნებადართული იქნება.