ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” აწარმოებს. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის თქმით, ნაძვის ხეს ცენტრალური მოედნის გარდა, ქალაქის ათამდე მისამართზე განათავსებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“არის რაღაც ნოვაციები შარშანდელთან შედარებით, წელს ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე, 8 კუნძულია ასეთი, ნაძვის ხეები დაიდგმება, გარდა ამისა, იქნება ცენტრალური ნაძვის ხე. ძველ აქსესუარებს აღვადგენთ და ქალაქის ტერიტორიაზე განვათავსებთ, თუმცა იქნება სიახლეებიც”, -განაცხადა ბასილაძემ.
მისი თქმით, ცენტრალური ნაძვის ხის კონსტრუქცია უცვლელი დარჩება, თუმცა ახალი მორთულობებით გაეწყობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი ნაძვის ხე მოირთვება. ნაძვის ხეს ქუთაისში, სავარაუდოდ, 25 დეკემბერს აანთებენ.
ამასთან, ცნობილია, რომ საახალწლო მორთულობის შესაძენად ქუთაისის მერიამ 109 873, ხოლო საახალწლო ფეირვერკებისათვის 16 408 ლარი გამოყო. ასევე, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.