ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი ისე დაამტკიცა, რომ მერიას მისი შენიშვნები არ გაუთვალისწინებია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დღეს 21 დეკემბერს ასპინძის მუნიციპალური ბიუჯეტი 4 300 000 ლარით დაამტკიცეს. მომვალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 000 ლარითაა გაზრდილი.
“თითქმის ყველა მუხლში რაღაცა თანხით გაზრდილია ბიუჯეტი, ჩვენ შენიშვნები გვქონდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, ორივე მიმართულებით თანხის დამატებას ვითხოვდით, მაგრამ მერიამ არ გაითვალისწინა. ოღონდ დაგვპირდნენ, რომ ამ წელში მორჩენილ ნაშთს, სწორედ აქ გადაანაწილებენ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.
რა თანხა რჩება 2018 წელს ბიუჯეტიდან ნაშთის სახით ჯერ უცნობია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ “ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც წლის ბოლოს ყველაფერი დაჯამდება“.
დღევანდელ სხდომას ასპინძის საკრებულოს 27 დეპუტატიდან 20 ესწრებოდა. მათ შორის 19–მა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, ერთმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ მოსიძემ კი თავი შეიკავა.
“ჩემი შენიშვნა ძირითადად სოციალურ პროგრამებზე თანხის ნაკლებობა იყო, მაგრამ მერიამ არ გაითვალისწინა. კი დაგვპირდნენ ,ერე ცვლილებები შევაო, მაგრამ ახლა ჩვენი შენიშვნა ბიუჯეტში არ შეიტანეს“, – ამბობს მოსიძე.
ბიუჯეტს მხარი დაუჭირა საკრებულოში “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ფრიდონ ლონდარიძემ: “მე მქონდა ჩემი პრეტენზიები, მაგრამ საბოლოოდ, გარკვეულ მუხლებში მომატებულია თანხა მაინც და მაგიტომ გადავწყვიტე მხარი დამეჭირა“.
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ასპინძის მუნიციპალიტეტი, პირველია ვინც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაამტკიცა. დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტი ბიუჯეტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს.