რიჟვაძე: ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

283

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღნიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი 40%-ით იზრდება და 25 500 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტის შესაბამისად, ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები გაძლიერდება. ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება გაორმაგდება.

„კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება იზრდება. კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტი გაორმაგდება და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, 2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება. იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც.

„სპორტის მიმართულებით დაფინანსება იზრდება. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება 10 ათას ლარზე მეტით გაიზარდა. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.