ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, რომელიც სოფელ ურაველში ადგილობრივების პროტესტით შეჩერდა, 2018 წელს ვერ განხორციელდა. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული პროექტის მომავალ წელს შესრულება, ახალციხის მერიში არ იციან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წელი ისე სრულდება, რომ ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ურაველში მცხოვრებლებთან ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.
“ახალი არაფერია. თან ჯერ ზამთარია, სიცივეებია, გაზაფხულზე რა იქნება არ ვიცით“, – ამბობენ მერიაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, პირველ ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებთან განაცხადა: “შესაძლოა, გრანტი დავკარგოთ. ურავლელებთან მოლაპარაკებებს ვმართავთ და ახალწლამდე მათ ალბათ ერთხელ კიდევ შევხვდები“.
მერიაში ამბობენ, რომ ამ სხდომის შემდეგ მერი ურავლელებს არ შეხვედრია.
შეგახსენებთ, რომ ურაველში, ადგილობრივების პროტესტით უკვე მერვე თვეა შეჩერებულია პროექტი, რომელიც 6 სოფლის გასარწყავიანებას გულისხმობს იაპონიის საელჩო აფინანსებს და 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ამ პროექტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, მშენებლობას კი ახალციხის მერის ყოფილი კომპანია აწარმოებს, რომელსაც ახლა მისი ცოლისძმა ფლობს.