სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორი: ლუბა გიორგაძე
ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილი წერილით დადასტურდა, რომ ვალეს პირველ საბავშვო ბაღში არჩევნების მეორე ტურამდე თანამშრომლებს ხელი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილებაზე მოაწერინეს.
“ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ არასამეწარმეო იურიდიული პირი გაცნობებთ, რომ “საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსალოდნელია “ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ ა(ა)იპ–ის ორგანიზაციული ცვლილება, რაც შეიძლება გახდეს “ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ არასამეწარმეო იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ქ.ვალე, სტალინის ქ. N18/ა–ში მდებარე საბავშვო ბაგა–ბაღის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი“,– ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებიდან მიღებულ წერილში.
თუმცა, არჩევნებამდე ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი კატეგორიულად უარყოფდნენ, იმას რომ დოკუმენტი, რომელზეც თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, სამსახურიდან მათ გათავისუფლებას ეხებოდა. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ საუბარი მხოლოდ “შიდა ცვლილებებსა“ და “ახალ რეგულაციებზე“ იყო.
ახლა კი შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ორგანიზაციული ცვლილებები იგეგმება ბაღებში, მერაბიშვილი გვაპსუხობს: “შესაძლოა ფუნქცია–მოვალეობები სხვანაირად გადანაწილდეს, სახელწოდებები შეიცვალოს, ხომ წერია წერილში, ჩემი პასუხი რაღა საჭიროა“.
ბაღებში, ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ პასუხი ვერც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ.
მარინა მერაბიშვილის განცხადებით, მსგავს დოკუმენტზე ხელი ყველა ბაღის თანამშრომელს მოაწერინეს, თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებენ “სამხრეთის კარიბჭესთან“ ქალაქში მოქმედი საბავშვო ბაღების ნაწილში მენეჯერები და მასწავლებლები: “რატომ უნდა შეუწყდეთ ხელშეკრულებები?! არ ვიცი პირველად ვხედავ ამ დოკუმენტს, მსგავს რამეზე ხელი არ მოგვიწერია“,– გვითხრეს მათ მას შემდეგ რაც ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებიდან გამოთხოვილი წერილი ვუჩვენეთ.
ერთ–ერთ ბაღში კი გვითხრეს, რომ ხელი სამსახურიდან შესაძლო გაფრთხილებაზე მოაწერინეს, თუმცა ზუსტად როდის იყო ეს ვერ იხსენებენ: “შესაძლოა იყო ნოემბრის ბოლო, ან დეკემბრის დასაწყისი, კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით“.
შეგახსენებთ, რომ “სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალეს ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს. “სამხრეთის კარიბჭეს“ მასალაზე დაყრდნობით ძიება შსს–მაც დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში განაცხადეს, ბაღის პედაგოგებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ დადასტურდა.