ზუგდიდის მერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

873

წინა სტატია

“შპს “ევრომშენ 999“ გამარჯვებულად მხოლოდ იმ ტენდერებში გამოვლინდა, სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები”,- ასე ეხმაურება ზუგდიდის მერია  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მერიის თანამშრომლის მიერ დაფუძნებული შპს ტენდერების ხშირი გამარჯვებულია.  ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში, თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, შპს “ევრომშენ 999“ გამარჯვებულად მხოლოდ იმ ტენდერებში გამოვლინდა, სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს“, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ, შპს “ევრომშენი 999-მა“, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ტენდერებში გამარჯვება და არსებული გარემოებები წარმოშობს ეჭვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.

რაც შეეხება თავად ლაშა ჯაიანს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს იმაში, რომ მისი ყოფილი კომპანია ტენდერების ხშირი გამარჯვებულია.