მერიის თანამშრომელი ყოფილი კომპანიის ტენდერებში გამარჯვებაზე: კორუფციის ნიშნებს ვერ ვხედავ

1049

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს იმაში, რომ მისი ყოფილი კომპანია ტენდერების ხშირი გამარჯვებულია. ლაშა ჯაიანმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კომპანია მანამდე გადასცა სხვას, ვიდრე საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ, შპს “ევრომშენი 999-მა“, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ტენდერებში გამარჯვება და არსებული გარემოებები წარმოშობს ეჭვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

“გავეცანი ამ ინფორმაციას, სამჯერ მაქვს გადაკითხული. თუ კორიფციის ნიშნებს ხედავენ არსებობს შესაბამისი ორგანოები და მათ უნდა გამოიძიეონ ეს საკითხები. მე ვერ ვხედავ კორუფციის ნიშნებს. ეს კომპანია ჩემს დანიშვნამდე იყო გასხვისებული და მე ვერ ვაიძულებდი ტენდერებში არ მიიღოთ მონაწილეობა მეთქი. ეს არის გამჭვირვალე. ოფიციალურ გვერდზე იტვირთება ყველა დოკუმენტაცია და გაკეთებული სამუშაოები. თუ რამე დარღვევაა და თუ რამე კორუფციაა, ალბათ შესაბამისი სამსახური გასცემს პასუხს“, – ამობს ლაშა ჯაიანი.

თავის მხრივ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.