“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს “ევრომშენი 999-მა”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. დადებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა (35) ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის სამართალმემკვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 628 151 ლარია. შპს “ევრომშენი 999”-ს ზუგდიდის მერიასთან 2018 წლის ნოემბერში 29 773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.
ორგანიზაციის ცნობით, ლაშა ჯაიანი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) იგი ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
ლაშა ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999” 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას.
სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს “ევრომშენი 999”. მანამდე კი მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან, 27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს “ევრომშენი 999-თან”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.