ორშაბათს, 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას აპროტესტებენ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
არასამთავრობოები შეხვედრას უკვე 2 თვეა, ითხოვენ. პირველად მათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 მარტს მიმართეს – 130-მდე ორგანიზაცია მოითხოვდა, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები გაემართა თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მათი მოსაზრებები გაეზიარებინა.
აღნიშნული მიმართვა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა, თუმცა, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია.
18 მაისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოები სხდომის ჩასატარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდნენ, არასამთავრობოებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შეხვედრის მოთხოვნით კვლავ მიმართეს, ხოლო თელავში, ზუგდიდში, გორში, ოზურგეთსა და ახალციხეში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს მიმართეს და მოსთხოვეს, გადაწყვეტილება ხალხთან კონსულტაციისა და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არ მიეღოთ.
მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, არც საქართველოს მთავრობას, არც პარლამენტს და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამოქალაქო სექტორის მოთხოვნები არ გაუთვალისწინებიათ. პარალელურად კი, გასაერთიანებელ 14 მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომები გამართეს, სადაც გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიიღეს.
29 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კვლავ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნით, გამართულიყო შეხვედრა და, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოესმინათ საზოგადოების არგუმენტები.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, მიიღო. პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე გარკვეული პირების მხრიდან სპეკულაციები ისმის, თითქოს თვითმმართველობას რამე ემუქრება.
დღეს კი გაირკვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლები ორშაბათს შეხვდებიან. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა droa.ge-ს უთხრა, შეხვედრას მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრება.
რამდენად შეცვლის დაგვიანებული შეხვედრა ვითარებას, ჯერ უცნობია, ვინაიდან პროცესი, ფაქტობრივად, ბოლო ეტაპზეა გასული – მთავრობის მიერ მოწონებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. ამის შემდეგ 7 თვითმმართველი ქალაქი თავის არსებობას შეწყვეტს.