საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შესათანხმებლად გაუგზავნა წინადადებები რომელიც გულისხმობს ამ ორი მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანებას.
ქ. ოზურგეთში აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს საკრებულოს წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, გროვდება ხელმოწერები როგორც ქალაქის ასევე სათემო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საზოგადოების ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფორმის მიმართ ნათლად გამოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროსაც.
საკრებულოების წევრებმა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, თუ რა შედეგი მოიტანა 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფამ. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი, ადეკვატურად შეგერჩიათ პრიორიტეტები, ბევრად უფრო სწორად დაგეგეგმათ და განგეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქების, ისე სოფლის მაცხოვრებლებისათვის, გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, ხოლო მოქალაქეებს მიეცათ მეტი შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილოება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
თვითმმართველი ქალაქების გაუქმება წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის პერსონალურ ინიციატივას. აღნიშნული ცვლილებების პროექტი არ არის ხელისუფლებაში შეთანხმებული ვარიანტი და ამ პროექტს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება როგორც მთავრობაში ასევე პარლამენტში.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ როგორც სათემო მუნიციპალიტეტის, ისე თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრებს, გამართოთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღოთ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად. თქვენ გეკისრებათ პოლიტიკური პასუხიმგებლობა, დაიცვათ მოქალაქეთა ინტერესები, განსაკუთრებით კი მათი თვითმმართველობის უფლება.