გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საკრებულოს წევრებს

1961

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები.

რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რაც რეგიონებში კონსტიტუციის განხილვისასაც ნათლად გამოჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, თუ რა შედეგი მოიტანა 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფამ. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი, ბევრად უფრო სწორად დაგეგეგმათ და განგეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქების, ისე სოფლის მაცხოვრებლებისათვის, გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, უფრო მეტად გაგეხადათ შესაძლებელი მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, თუ რატომ არის აუცილებელი საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების ცალ-ცალკე განვითარება, რომელიც 2014 წლის რეფორმით დაიწყო.

ამასთან, პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, უპირველესად, სწორედ საკუთარი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომლის რამდენიმე წევრის პერსონალურ ინიციატივასაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებების პროექტი.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ სათემო მუნიციპალიტეტის და ქალაქის საკრებულოს წევრებს, გამართოთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღოთ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც თქვენი ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აგირჩიეს.

  1. ასოციაცია “თანხმობა”
  2. დმმ კავშირი
  3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  5. გორის საინფორმაციო ცენტრი
  6. გორი დაუნთაუნი
  7. შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი
  8. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  9. გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი
  10. გორის ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროა“
  11. იმედის სხივი
  12. ასოციაცია „ბილიკი“
  13. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  14. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“
  15. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი
  16. შპს აუდიტი 2013