საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები.
რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ იზიარებს ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რაც რეგიონებში კონსტიტუციის განხილვისასაც ნათლად გამოჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, თუ რა შედეგი მოიტანა 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფამ. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი, ბევრად უფრო სწორად დაგეგეგმათ და განგეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქების, ისე სოფლების მაცხოვრებლებისათვის, გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, უფრო მეტად შესაძლებელი გაგეხადათ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, თუ რატომ არის აუცილებელი საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების ცალ-ცალკე განვითარება, რომელიც 2014 წლის რეფორმით დაიწყო.
ამასთან, პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, უპირველესად, სწორედ საკუთარი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომლის რამდენიმე წევრის პერსონალურ ინიციატივასაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებების პროექტი.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ როგორც სათემო მუნიციპალიტეტების, ისე თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს წევრებს, გამართოთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან, გაითვალისწინოთ თქვენი ამომრჩევლის სურვილი და მხოლოდ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღოთ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად.
იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც თქვენი ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აგირჩიეს.
- არჩილ მჭედლიშვილი
- მარეხ მგალობლიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი
- ნოდარ ეჟიშვილი – ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა
- ლიკა იმერლიშვილი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- მაია ფურცხვანიძე – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- ნიკოლოზ შარვაშიძე