მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წარმოადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე „ზოგიერთები აპელირებენ“.
„ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციები, რომ რამე ემუქრება თვითმმართველობას. თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება კორექტირებები, ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ეს ბიუჯეტი, რომელიც არსებობს ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არც ერთი თეთრი. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე.
„ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით მთელი ამ დღეების განმავლობაში, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ჩვენ დღევანდელ ცვლილებებში გვაქვს გათვალისწინებული ის, რომ ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი, კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საკითხების უფრო სრულფასოვან და კვალიფიციურ განხილვას და ხარისხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. ამ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერი და იგი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, დარეგულირდება მუნიციპალიტეტებში აიპ-ების ოპტიმიზაციის მექანიზმი და ერთ სფეროში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების დუბლირება. ასევე, ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს მიიტანენ მუნიციპალიტეტების მერამდე.
„ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და რეგიონული მართვის სამინისტროსთან ერთად და ბიუჯეტირების პროცესშივე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ქვევიდან ზემოთ მომავალი პროცესები. პრიორიტეტები განისაზღვრება და მათი მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი