ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს

1071

წყარო: ლაივპრესი

საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ გამართა სხდომა, სადაც განიხილეს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი, რაზეც სამთავრობო კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს კონსულტაციებისა და თანხმობის მისაღებად გაუგზავნეს გაერთიანების შესახებ წინადადება. საკითხი განხილულ უნდა იქნას ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემდეგ საკრებულოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინადადების შესახებ.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რომლის შედეგი იქნება ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, არ იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობა. უფრო მეტიც, 2013 წელს ზუგდიდში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა და შეგროვდა ხელმოწერები, სადაც გამოვლინდა, რომ ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ამავე ტერიტრიაზე მცხოვრები 50 000 საარჩევნო ხმის უფლების მქონე მაცხოვრებლის ნებაა, რომლებმაც 2014 წლის ადგლიობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩია ქალაქის მერი და საკრებულო. ხელმომწერთა შორის ის პირებიც არინ ვინც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არიან წარმოდგენილი, მათ შორის, მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულები. ამიტომ, საკრებულოს წევრებს მართებთ მეტი პასუხისმგებლობა და მათი ამომრჩველების, ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღება, რადგან საკრებულო სწორედ ის ორგანოა, რომლის საშუალებითაც მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახორციელებენ თვითმმართველობას.

საკრებულოს წევრების მიერ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ქალაქი ზუგდიდი დაკარგავს საკუთარ დამოუკიდებელ ბიუჯეტს და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობას, რაც შეანელებს ქალაქის განვითარების ტემპებს და შეამცირებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს.  სწორედ, ამიტომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოხატავდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნებას და ხელს უწყობდეს ქალაქისა და სოფლის განვითარების პერსპექტივებს.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ როგორც თვითმმართველი ქალაქ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ისე თვითმმართველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, გამართოთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა  და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით  მიიღოთ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აგირჩიეს.

  1. „საუნჯე“
  2. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
  3. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
  4. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ – ISFED
  5. „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი“
  6. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“
  7. „ნეოგენი“
  8. „თანაზიარი“
  9. „მერკური“