აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის სახალხო ბანკი ახალ სამახსოვრო მონეტებს გამოუშვებს. მათ შორის იქნება მონეტა ეროვნული გმირის და რევოლუციონერის, ნესტორ ლაკობას გამოსახულებით. ინფორმაციას “აფხაზეთის ბანკზე” დაყრდნობით ლაივპრესი ავრცელებს.
მონეტები შესრულებულია აფხაზი ხელოვანის, ბატალ ჯაპუას ესკიზების მიხედვით. პირველი მონეტა – “აფხაზური ფულის ასიანი კუპიურა“ ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის დასრულებას და აფხაზ ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩერკეზული პოლკის აფხაზების ასეულში. მასზე გეორგიევსკის ლენტია გამოსახული. მისი გამოცემა 100 ცალიანი ტირაჟით იგეგმება.
მეორე მონეტა ნესტორ ლაკობას გამოსახულებითაა და ის 300 ცალი გამოვა. ორივე მონეტა ვერცხლისგანაა დამზადებული.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში აფხაზეთში პირველი ქაღალდის ფული დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით გამოუშვეს. ეს არის აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან “გამარჯვების“ 25 წლისთავს მიეძღვნა.
ამასთან, აფხაზური მონეტები ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდეს და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მონეტებად მოიხსენიეს.