“თბილისის ახალი სამარშრუტო სქემა ძალიან მალე იქნება და გვექნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი დამატებითი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო, როგორ უნდა იყოს მეტროსთან მიმართებაში, ე.წ. მარშუტკებთან მიმართებაში და საერთოდ არის თუ არა მიკროავტობუსების საჭიროება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან მერმა თბილისში კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.
“გუშინ დაიწყო ე.წ. “ბასლაინების“ დახაზვა გზის ორივე მხარეს, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავრონ.
თბილისის მერიამ “ბასლეინების” ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, “სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს.
ეს სქემა ძალიან მალე იქნება და გვექნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი დამატებითი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო, როგორ უნდა იყოს მეტროსთან მიმართებაში, ე.წ. მარშუტკებთან მიმართებაში და საერთოდ არის თუ არა საჭიროება “მარშუტკების“ და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნულ ქუჩებზე ჩატარებულ და ჩასატარებელ სამუშაოებზეც ისაუბრა.
“ახლახან დასრულდა კოსტავასა და შარტავას, ასევე, მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის პროცესი. ჩატარდა ყოვლისმომცველი სამუშაოები.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელეს თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა “ბლექ სი გრუპმა“ და “ენ სი სიმ“. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ამით არ დასრულებულა ამ ქუჩების კეთილმოწყობა. გზაგამყოფები ტრადიციულად ფილებით არ მოპირკეთებულა. გამოვიყენეთ ეს სივრცეები გამწვანებისთვის და ჯამში დაირგო 200 ძირი მერქნიანი მცენარე, ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი 1 600 კვადრატულ მეტრზე.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, “მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტით უნდა გაგრძელდეს მუშაობა თითოეული ქუჩის რეაბილიტაციაზე და ეს უნდა იყოს კომპლექსური საკითხი. რა თქმა უნდა, გზის დაგება უფრო მალეც შეიძლება, თუმცა კეთილმოწყობილი ქუჩა არ არის მხოლოდ გზა, ესაა მიწისქვემოთ და მიწისზემოთ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად მოსახლეობის კომფორტზე უნდა იყოს მორგებული“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე გამოცხადებულია ტენდერი.
ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.
დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.