თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ლის ბოლოს გაირკვევა, იმოძრავებენ თუ არა მიკროავტობუსები თბილისში. კალაძის თქმით, 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა. როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე ცნობილია ის ადგილები, სადაც ავტობუსის ზოლები მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.
“პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD -ის გან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია. ჩვენ გვეცოდინება როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო ავტობუსი; ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა დასრულებული იქნება.
2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების ზოლები უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს. ამასთან, კალაძის განცხადებით, მერია გეგმავს, რომ თბილისის ავტობუსებისთვის სპეციალური ვიზუალი შექმნას და იყოს ბრენდირებული ანუ თბილისს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის ავტობუსები.
შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.
ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.
დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.