თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

1083

წინა სტატია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა, რომ ახალი, 8-მეტრიანი, 220 ერთეული ავტობუსის შესაძენად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მომავალ წელს მერია 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანასაც გეგმავს.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება ეტაპობრივად მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. ასევე, მომავალ წელს ვაპირებთ 150 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

1 ნოემბერს თბილისის მერიამ ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვა დაიწყო, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მწვანე ფერის ავტობუსი, დაახლოებით, 17 ათასმა, ვერცხლისფერი კი 10 ათასამდე ადამიანმა აირჩია.

თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე კვირის წინ, ავტობუსების ფერის შესარჩევად, მიუნხენში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.