ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
როგორც გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია, სასმელი წყლის ქსელის 90% კი ამორტიზებული და მოსახლეობას წყალი საშუალოდ 6-საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
შეხვედრისას, კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მოსახლეობას იმ სამუშაოების მოცულობაზე ესაუბრა, რომელსაც კომპანია, ქალაქის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საპროექტო მომსახურების სამუშაოები.
“კომპანია ამჟამად ამზადებს პროექტს და ვფიქრობ, იანვრის ბოლოს დავასრულებთ ამ კუთხით მუშაობას. ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლოსთვის დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე მოვიძიეთ დონორი კომპანია და სრულფასოვნად შევუდგებით საქმიანობას, რომ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოვუგვაროთ“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
კომპანიის ცნობით, პროექტის დასრულების შედეგად, 28 000-მდე ადამიანი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქს გამართული წყალარინების ქსელი მოემსახურება. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს.