“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა “გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ისეთ დღეს დაენიშნა არჩევნები, რომ ამ დღეს არ შეექმნა ბარიერები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მათ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
რაც შეეხება თვითონ არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნას, ეს არ არის კანონდარღვევა, მათ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ მათ რომ ემოქმედათ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დღეს არ დანიშნავდნენ არჩევნებს.
რაც შეეხება საარჩევნო უბნების დახურვას 12:00 საათისთვის, ვფიქრობთ, რომ ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება.
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ხოლო, ავღანეთში, 2 უბანზე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდება.
საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.