საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს.
ცესკოში არჩევნების მეორე ტურის თარიღი, დღეს 13:00 საათზე უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. ცესკოს პრესსამსახურში სხდომის გადადების მიზეზები არ განუმარტავთ.
იმის გათვალისწინებით, რომ 28 ნოემბერი ოთხშაბათია, თუ ცესკო არჩევნებისთვის ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს უნდა დაინიშნოს.
საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.
როგორც ისინი განმარტავენ, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად პირველი დეკემბერი, შაბათი დღე უნდა განისაზღვროს, რაც მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობას ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.