კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს

1185

წინა სტატია

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდება. იფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება სრულდება, როგორც ვიცი, ხდება გადათვლა და ინიშნება არჩევნების დღე. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს. თუ არ ვცდები, 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს, არჩევნები იყო ორშაბათ დღეს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება, შესაბამისად, ის 28 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერი ოთხშაბათია და უქმე დღედ გამოცხადდება.

არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის აქტივობაზე,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ცესკო-ს პრეროგატივაა.

„ცესკოს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს, დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე შეჯამდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ასევე იმსჯელებენ 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.