სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის ორ წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა განსხვავებულია ვითარება სხვა რელიგიურ კონფესიებთან მიმართებაში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანხა ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ახალქალაქში გამოიყო. აქ 2017 წელს სომხური სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსო რეზიდენციის რეაბილიტაციისათვის 74 620 ლარი, სურბ-ხაჩის სახელობის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის 103 999 ლარი, ხოლო სოფელ ოკამში სომხური სამლოცველო სახლის რეაბილიტაციისთვის 73 351 ლარი გაიწერა. ასევე, სომხური სამოციქულო ეკლესიების კომუნალური ხარჯებისთვის ახალქალაქის მერიამ 2017 წელს 8 777 ლარი, ხოლო 2018 წელს 18 000 გადაიხადა.
ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ორი წლის განმავლობაში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა დაფინანსების თხოვნით, მხოლოდ ახალციხის მერიას მიმართეს.
2018 წლის 15 მარტს, ახალციხის თვითმმართველობას, სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ამავე ეპრქიის შეუფერხებელი მუშაობისთვის, ადმინისტრაციული ხარჯისა და ხელფასის უზრუნველყოფის მიზნით 30 000 ლარით დაფინანსება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ ხარჯსა და ხელფასს თვითმმართველობა მათ ვერ დაუფინანსებდა.
სხვა მუნიციპალიტეტებისთვის უმცირესობების წარმომადგენლებს დაფინანსების მოთხოვნით არ მიუმართავთ.
შეგახსენებთ, რომ 2017–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.