სამცხე–ჯავახეთში თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2 წელში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

932

სტატია მომზადებულია “სამხრთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: თორნიკე ზაზაძე

სამცხე–ჯავახეთში თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის ორ წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თანხის ნაწილი ეკლესიებში კომუნალური ხარჯების დასაფარად გაიწერა.

2017–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალუტეტიდან ეკლესიებისთვის 1 098 166 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუციპალიტეტის მერიამ ორ წელიწადში ბიუჯეტიდან ტაძრებისთვის 229 998 ლარი გამოყო. აქედან 2017 წელს 80 000 ლარი რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის ფასადის ნაწილის მოსაპირკეთებლად. ამავე ფასადის დასასრულებლად და ასევე, ტაძრის სახურავის გასაკეთებლად მიმდინარე წელს 100 000 ლარი გაიწერა. წელს ახალციხის მერიამ ბიუჯეტიდან 49 998 ლარი დახარჯა აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოსაწყობადაც.

ისევე როგორც ახალციხის მერიამ, ადიგენმაც ტაო–კლარჯეთის ეპარქიას თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოუყო. ორ წელიწადში ადიგენში ეკლესიებისთვის 258 000 ლარი დაიხარჯა. აქედან გასულ წელს 98 000 ლარი სოფელ მოხეში ანდრია პირველწოდებულის ტაძრისა და შოშხოთის მამათა მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გამოიყო. 2018 წელს კი 160 000 ლარი გაიწერა: ქვაბიჯვრის იოანე ნათლისმცემლის სახელობისა და ჭელას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრების ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის, ჭულეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის იატაკის გასაკეთებლად, ვარხნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამრეკლოს ასაშენებლად, ჭიხეს სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის საძირკველის გასაჭრელად.

ასპინძის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017–2018 წლებში ტაძრებისთვის 100 000 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს 50 000 ლარი დაბა ასპინძის ხვილიშის წინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობას, დაბის სკოლის მიმდებარედ ეკლესიის ეზოს რეაბილიტაციას და სოფელ აწყვიტაში, ქუნცის ეკლესიის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა. მიმდინარე წელს კი, ასევე, 50 000 ლარი დაბაში ისევ ხვილიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაღობად და ისევ ქუნცის ეკლესიაში ეზოს კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა.

ბორჯომმა ორ წელიწადში ეკლესია–მონასტრებისთვის 289 140 ლარი გაწერა. 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 130 000, ხოლო მიმდინარე წელს 159 140 ლარი დახარჯა. მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ეს თანხა “ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერისთვის“ გაიწერა. შეკითხვაზე, კონკრეტულად რა მიზნით დაიხარჯა 300 000–მდე ლარი, ბორჯომის მერიაში გვიპასუხეს, რომ “ინფორმაციას მოიძებენ და მოგვაწვდიან“.

რაც შეეხება ახალციხესა და ნინოწმინდას აქ ბიუჯეტიდან გაწერილი თანხის დიდი ნაწილი ეკლესია–მონასტრების კომუნალური ხარჯების დასაფარადაა გაწერილი.

ნინოწმინდამ ორ წელიწადში 57 457 ლარი მუნიციპალიტეტში არსებული ტაძრების ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადებისთვის, ასევე, შეშის შესაძენად გაწერა. შარშან ამისთვის 35 288 ლარი, წელს კი 22 169 ლარი გამოიყო. კონკრეტულად რომელ ეკლესია–მონასტრებს უფარავს თვითმმართველობა კომუნალურ ხარჯებს, მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არაა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორ წელიწადში 165 023 ლარი დაიხარჯა. აქედან 2017–2018 წლებში 15 052 ლარი კომუნალურებისთვის, მიმდინარე წელს კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ასევე, სოფელ ოკამის სამლოცველო სახლის რეაბილიტაციისათვის 147 971 ლარი გამოიყო.

მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მათ თანხა ეპარქიებისთვის გათვალისწინებული ყოველ წელს აქვთ.

“ბუნებრივია, უფლება აქვთ თანხა ასე გაწერონ, მაგრამ არ აქვთ ამის ვალდებულება. თუ ეკლესია–მონასტრებისთვის ბიუჯეტებიდან თანხა რეგულარუალდ გამოიყოფა, ეს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს არ მიესადაგება. უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – ამბობს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.