2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტები დაიწყება, ამასთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება.
გამოცემა “ლაივპრესის” ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერია 5 ნოემბრიდან სოფლის კრებების მოწვევას იწყებს, რაშიც კილასონიას თქმით, მონაწილეობა სოფლის მოსახლეობამ უნდა მიიღოს, რათა მერიამ პროგრამის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბოს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.