საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.
“ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.