ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, კრწანისის რაიონში, ხანძთელის N20-ში, შენობას კაპიტალურად ამაგრებენ.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა.
“კრწანისის რაიონის გამგეობამ მისი კაპიტალური გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, სახლის ფასადი, სახურავი, კიბე და სარდაფი სრულად განახლდება. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება”, – ამბობენ გამგეობაში.
შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.