გლდანის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გლდანის ხევის N6 ა კორპუსის და მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, მეშვიდე მიკრორაიონის N4 ა კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს.
გარდა ამისა, გამგეობის ცნობით, მერვე მიკრორაიონის N18 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოების შედეგად განახლდა კაბინა, სრულად შეიცვალა ჯალამბარი, ელექტრო ფარი და ყველა სართულზე შეიცვალა შახტის კარი.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, გლდანის რაიონში სახურავის რეაბილიტაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე 28 მისამართზე განხორციელდა, 30 მისამართზე კი მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წელს ლიფტები რვა მისამართზე რეაბილიტირდა, ორ მისამართზე კი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.