ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან გვაცნობეს, მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება ლიკანში, სადაც ცენტრალურ მაგისტრალზე გზის საფარი 2 კილომეტრ მეტ მონაკვეთზე იგება. მთავარი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ორმოულების შეკეთებაც ხდება. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პარალელურად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია შიდა გზებზეც მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
გამგებლის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე საგზაო ნიშნების, ხიდისა და ტროტუარის მოაჯირებისა და ლითონის ზედაპირიანი კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები.
პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 96 633 ლარი გამოიყო და მას შპს „მშენებელი“ ახორციელებს. კომპანია საჭიროების შემთხვევაში გზებზე ორმოულების შეკეთებას მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამუშაოები ცენტრალურ მაგისტრალზეც მიმდინარეობს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი