ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

872

წინა სტატია

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდით ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ ტოროიანის მიერ, საკრებულოს ფეისბუქის გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი სააგიტაციო მასალის გავრცელების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო.

“განვიხილეთ საქმე, დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში შემდგომი განხილვისთვის“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან მასალა წაშლილია.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა “სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა.