კალაძე: 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს

913
გიორგი ისაკაძის ფოტო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” გამართეს. სადაც მერმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს.

“2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან მეგონა 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იმ კვლევით, რომელსაც კომპანია “სისტრა“ ატარებს და ჩვენ გვაქვს უკვე შუალედური მონაცემები, ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს სჭირდება ელექტროავტობუსები, რომელიც უნდა იყოს 18 მეტრიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ 550 ავტობუსს, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.