თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ყველაფერი მოწესრიგებული ექნებათ, არაფრის გადახდა არ მოუწევთ.
“ტაქსების რეფორმა ასევე მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მიმართულებაა იმ დიდი სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა დაანონსებული.
დღეის მდგომარეობით, 20 000-მდე ტაქსი არის დარეგისტრირებული. თქვენ იცით, რომ რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება, ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, თუმცა მეორე ეტაპი, რომელიც მომავალი წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უკვე გვექნება ვიზუალი, ლიცენზიას მიიღებენ მხოლოდ ის მძღოლები, ვინც ტექდათვალიერებას წარმატებით გაივლის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური სტანდართი და თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია თეთრ ფერთან დაკავშირებით და ამ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს ის სარეკლამო კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს კონკურსში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. ასე რომ, იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც მოწესრიგებული ექნებათ ყველაფერი, არაფერი ექნებათ გადასახდელი. მათ აქვთ ის შეღავათები, რომ საშემოსავლოს არ იხდიან, სარგებლობენ საპარკინგე ადგილებით, სადაც ლიცენზირებული ტაქსებისთვის პარკირება უფასოა. მათ ასევე შეეძლებათ საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ და აქედან მიღებული შემოსავალი იქნება მათი საკუთრება. უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სერვისით სარგებლობა აეკრძალებათ მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები უკვე დაიხაზა.
21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება. 22 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 19 751 ნებართვა, საიდანაც 60-მდე ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.
ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ხოლო, ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც შესაბამის ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს, ასევე, გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ჰყვთა მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.
ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.