„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია გაასაჩივრებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ოქმს მას შემდეგ რაც ის გამოქვეყნდება. შესაბამისი განცხადება ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს გააკეთეს. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ანა წითლიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომა სადაც უმრავლესობამ ერთხმად მოიწონა ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება, პროცედურული დარღვევებით წარიმართა.
მისი თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია ენმ-მ გამოითხოვა ოქმი, თუმცა ვერ მიიღო რადგან იმ მიზეზით რომ თავმჯდომარეს არ დაუფიქსირებია კენჭისყრის შედეგები, არც შედგენილა:
„საკრებულომ რეალურად არ იცის და არც ოქმში ჩაწერილა ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ან ვინ შეიკავა თავი, რაც არის დარღვევა და რაც იძლევა ოქმის გაბათილების საშუალებას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისი სიტყვებით, პროცედურული დარღვევა იყო ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ საკითხი კენჭისყრაზე განმარტებების გარეშე დააყენა. დეპუტატის სიტყვებით, ის ვალდებული იყო ეთქვა თუ რა საკითხს ეყრებოდა კენჭი, ისევე როგორც მისი დასრულების შემდეგ დაეფიქსირებინა შედეგი.
„გარდა ამისა საკრებულოს თავმჯდომარემ იძალადა და ძალით ააწევინა ხელი ამ გადაწყვეტილებაზე. საკრებულოს თავმჯდომარეს, და დარბაზში არც არავის არ დაუთვლია თუ რამდენი მომხრე ყავდა და არ ჩაწერილა ოქმში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით კი, მას გუშინ შეეცოდა საკრებულოს ყველა წევრი, რადგან მათ მოუწიათ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წასვლა რათა შეესრულებინათ პარტიის დირექტივები.
ის მოუწოდებს მმართველ გუნდს გონს მოეგონ და დაფიქრდნენ, თვითმმართველობებში დაგეგმილი ცვლილებით თუ რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში. იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სხდომა ჩატარდა პროცედურული დარღვევების გარეშე, თუმცა ვერ გამოიჩინეს ის დონე რაც აუცილებელია მსგავსი შეხვედრების დროს. ნუგზარ სარიას სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ყველას მოესმინა ერთმანეთისთვის და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, ყველაფერი წარიმართა სხდომის ჩაშლისკენ და ქაოსისკენ.
„რაც შეეხება ოქმს არის სამ დღიანი ვადა, როცა აპარატი ამზადებს ამ ოაქმს ჩანაწერების მიხედვით. ამას ანალიზი უნდა, თითოეული გამომსვლელის მოსაზრება ფიქსირდება აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანაწერების სახით. ამის შემდეგ იძენს ოქმი საბოლოო სახეს, რომელიც გადაეცემა მხარეებს, მოეწერება ხელი თავმჯდომარის მიერ და ქვეყნდება საჯარო გზით“, – განაცხადა ნუგზარ სარიამ.
მისი თქმით, ოქმის გამოსაქვეყნებლად სამ დღიანი ვადაა დადგენილი რა დროშიც მას აუცილებლად გაასაჯაროვებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
22 მაისს სხდომის მიდინარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა არასამთავრობო სექტორმაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სადაც მოიწონეს ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება, პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
12 ხმით 3-ის წინაღმდეგ ზუგდიდის საკრებულომ 22 მაისს მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. კენჭისყრის პროცესს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება როგორც დეპუტატებს, ასევე დეპუტატებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის. სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ პლაკატებით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.
ქალაქის საკრებულომდე, რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება, თემის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა.
წყარო: ლაივპრესი