ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სალომე ზურაბიშვილს 40 ათასი ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
უწყების ვებგვერდიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ კურდღელიამ 2016 წელს 60 ათასი ლარი “ქართულ ოცნებასაც“ გადაურიცხა.
მანამდე კი, 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, 10 ათასი ლარი “ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა.
გოჩა კურდღელია ადგილობრივ გამოცემასთან, livepress.ge-სთან ამბობს, რომ 6 წლის წინ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მისი მეგობარი თენგიზ სარიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა და ეს თანხაც მეგობრობიდან გამომდინარე გადაურიცხა და არა იმიტომ, რომ პარტიის შეხედულებებს იზიარებდა.
რაც შეეხება მომავალ პერიოდს, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს თანხა ქვეყნის განვითარებისთვის შესწირა.