ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება

1905

ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ძეგლზე სამუშაოები დაიწყება, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან თანამშრომლობითა და ჩართულობით შემუშავდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პროექტი 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტირებაში ჩართული იყო სპეციალისტთა ჯგუფი, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და ა.შ.

ამასთან, პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ასევე, მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.

ისტორიულ სასახლეში განთავსდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები. პირველად, არსებობის მანძილზე ლიკანის ისტორიული კომპლექსი გახდება საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი.

ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის “საპარტნიორო ფონდს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მართვის უფლებით გადასცა. სამუშაოებიც მათი ფინანსური ჩართულობით განხორციელდება.

ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს და დაამუშავეს პეტერბურგის სახელმწიფო არქივში დაცული მასალა.

რეაბილიტაციის შემდეგ, რომანოვების სასახლე ერთიან ტურისტულ კომპლექსში შევა.

რომანოვების სასახლე მავრიტანული სტილის ვილაა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძისთვის აშენდა ლიკანში, მტკვრის სანაპიროზე 1892-1895 წლებში.

პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ლეონტი-ბენუა იყო.

საბჭოთა პერიოდში რომანოვების სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აქ ხშირად ისვენებდნენ საბჭოთა ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იოსებ სტალინი.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში კი, სასახლეს საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა.