ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირობას დებს, რომ 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

1867

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე ჩანაწერი არ იძებნება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, პროგრამის აღდგენა ვერ ხერხდებოდა, უწყება პირობას დებს, რომ მომავალი წლიდან პროგრამა აღდგება.

როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს გაუქმდა. ის სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გადაწყვეტილებას კი, თუ კონკრეტულად რა პრობლემა მოგვარებულიყო, სოფლის კრების მეშვეობით, თავად მოსახლეობა იღებდა.

ცხადია, ამ პროგრამას ხარვეზები ჰქონდა და ეს ხარვეზები, პირველ რიგში, სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის საკითხს უკავშირდებოდა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა droa.ge-ს უთხრა, ამჟამად მუშაობა სწორედ ამ კომპონენტის გაძლიერებაზე მიმდინარეობს.

კონკრეტულად, როგორ აპირებს სამინისტრო მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კონსულტაციებს თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გადიან და პროგრამას საბოლოო სახე მალე მიეცემა.

ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეპროგრამა იქნება, თუმცა, რა თანხა გამოიყოფა ფონდიდან აღდგენილ პროგრამაზე, არც ინფრასტრუქტურის და არც ფინანსთა სამინისტროები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

თავად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა, რომლითაც მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, 2019 წელს 280 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.