ახალციხის ციხის ტერასებზე გაშენებული ვენახიდან წელს პირველი მოასავალი მიიღეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რთველის პარალელურად, დღეს, 11 ოქტომბერს, დილიდან ახალციხის ციხეზე ყურძენსაც წურავენ.
“ვფიქრობთ, რომ 100 კილო ყურძენს მივიღებთ. ტერასებზე გვაქვს, როგორც საჭმელი ასევე, საღვინე ყურძენი. ის რაც საღვინეა ვწურავთ და მომავალ წელს ჩვენ სტუმრებს დავაგემოვნებინებთ“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.
“ახალციხის ციხის“ პირველ ნაწილში ვენახი ხუთი წლის წინ, ციხის გამწვანების სპეციალისტის რეზო გიქოშვილის ინიციატივით გაშენდა.
“ორი წლის წინაც იყო ყურძენი, მაგრამ სეტყვამ სულ გაანადგურა და წელს პირველად მოვახერხეთ მოსავლის აღება“, – ამბობს გიქოშვილი.
მისი თქმით, ტერასებზე 139 ძირი, 12 ჯიშის ყურძენია გაშენებული.
“გვაქვს როგორც ევროპული ჯიშები, ასვე მესხური რქაწითელი, მესხური მწვანე და სხვა. ყურძენი, საგურამოს ჯიღაურიოს სანერგე მეურნეობიდან ჩამოვიტანეთ, სადაც მსოფლიოს უნიკალური ჯიშებია გამოყვანილი”, – აღნიშნავს რეზო გიქოშვილი.