ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება

1388

სტატიის გაგრძელება

მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერს, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარი გამოიყოფა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს.

სკვერში დეკორატიული შადრევანი მოეწყობა, სადაც “ვილნიუსის ანგელოზის“ ქანდაკება განთავსდება. შადრევნის მიმდებარედ კი დასასვენებელი სკამები და ლითონის პერგოლა დამონტაჟდება, რაზეც ხვიარე მცენარეები გაშენდება.

ამასთან, სკვერის საფეხმავლო ბილიკები, პანდუსები და კიბეები გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიის ნაწილი კი გაზონის ბალახით დაიფარება, ხოლო მწვანე ნარგავებთან დეკორატიული ღორღი და მულჩა დაიყრება.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის.

მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

სკვერში განთავსებული დურბინდის მეშვეობით, ვიზიტორები “ვილნიუსის ქანდაკებას“ დაინახავენ, ხოლო სმარტფონებში Qღ კოდის დასკანირებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.