მთაწმინდის რაიონში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
“ამ ეტაპზე, სკვერში არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და მისი ტერიტორიიდან გატანა მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვისი“ ახორციელებს.
აღნიშნულ პროექტს, რომელიც თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. პროექტის ღირებულება 960 ათასი ლარია. ვილნიუსის სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას – დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის.
ასევე, მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.
ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდება”, – განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.