მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 150 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ცნობით, ბაღი 2 სართულიანია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ბაღის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარეგანათებები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
“ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება”, – აცხადებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში.