ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმამაღალი საუბარი მოჰყვა მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის წარდგენას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა გააკრიტიკეს. თქვეს, რომ თუკი რაიმე სახის მშენებლობა მიმდინარეობს, ძირითადად დაბალი ხარისხით, მათ შორის აღნიშნეს გზები.
კრიტიკის საპასუხოდ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა კითხვით, არის თუ არა დანაშაული მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში 19 ჰექტარი მიწის 1 ლარად გაყიდვა. მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცა თავის დროზე წინა ხელისუფლება და კახა ბენდუქიძეს აღნიშნული ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაყიდული მიწის ნაკვეთების თემა გააგრძელა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, სანდრო სორდიამ. მან ასევე ენმ-ს წევრებს ჰკითხა, იყო თუ არა დანაშაული კერძო პირზე დადიანების ეზოს ნაწილის მიყიდვა?.
საპასუხოდ ფრაქცია ენმ-ის წევრმა პაატა ადამიამ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად დანაშაულია, ისევე, როგორც ამჟამად თბილისის ბოტანიკური ბაღის 1 ლარად გასხვისება. მისმა თანაფრაქციელმა მალხაზ ციკუტანიამ კი უმრავლესობას გაახსენა გამოძიება, რომელიც ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ მიმდინარეობს. პაატა ადამიამ კი დაამატა, რომ მერმა თავისი გადადგომით უკვე დაადასტურა დანაშაული და კორუმპირებულობა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.