დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას რეაბილიტაცია იგეგმება. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად შენობა სამსართულიანი გახდება და გალერეა დამატებით საგამოფენო დარბაზებს მიიღებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“არსებობდა პროექტი, რომელიც არსებული განაშენიანების პირობებში არ არის მისაღები, უნდა მომხდარიყო შენობის გაფართოება ბაღის მიმართულებით, რაც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ შიდა ეზოს მხარეს მოხდეს ჩაშენება დამატებითი საგამოფენო დარბაზებისათვის, ასევე დაემატება მესამე სართული მცირე მოცულობით, რუსთაველის მხარეს გაკეთდება მთლიანი ფასადი”, – განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდში წარადგინეს ინფორმაცია, საჭირო ესკიზები და ფონდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ზაზა ჩხიკვაძის თქმით, შენობის რეაბილიტაციის ნებართვის გაცემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კომპეტანციაა, რაც შეეხება პროექტს, მასზე ტენდერს ქალაქი გამოაცხადებს. ამ დროისათვის მხოლოდ ესკიზები და მონახაზი არსებობს. ქუთაისის არქიტექტურის სამსახური ამ ეტაპზე ვერც პროექტის სავარაუდო ღირებულებაზე საუბრობს.
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წელს დაარსდა. შენობა 1890-იან წლებშია აგებული. მისი რეკონსტრუქცია კი არქიტექტორების, გივი თოდაძისა და სულიკო გაგუას პროექტით განხორციელდა. დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა რეაბილიტაციის საჭიროების წინაშე კარგა ხანია დგას. ამის შესახებ “ნიუპრესთან” საუბარში გალერეას ხელმძღვანელმა ელისო ჩოგოვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, გალერეაში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია, შენობას არ აქვს საკმარისი საგამოფენო სივრცე, რის გამოც დამთვალიერებელს მხოლოდ მუდმივი ექსპოზიციის ნახვა შეუძლია. არსებული კლიმატური პირობების გამო ძვირადღირებული ექსპონატები, შესაძლოა, დაზიანდეს.
მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ალ. ციმაკურიძის, ქეთევან. მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, კორნელი სანაძის და სხვათა ფერწერული ნამუშევრები, ასევე გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.