ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ. განცხადებას ხელს 32 მათგანი აწერს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ერთ-ერთი მოსწავლის დედა ვივეტა ჩაგინავა აცხადებს, რომ კრილოვის ქუჩაზე ცხოვრობენ, ეს ტერიტორია კი დანიშნულების ადგილს ფეხით გადაადგილებისთვის მოშორებულია. მით უფრო, რომ ამ სკოლის მოსწავლეები მეორე სმენაზე დადიან და გაკვეთილებს საღამოს ამთავრებენ.
“არანაირი ტრანსპორტი არ გვიწყობს პირდაპირ ხელს. ხან ხუთზე, ზოგჯერ კი სწავლას ექვსის ნახევარზე ამთავრებენ. ტაქსით დავდივართ. მშობლები ვინაწილებთ. დღეში სამი ლარი გვიჯდება თითოს“.
ამბობს, რომ განცხადების შეტანას ადგილობრივ მერიაში გეგმავდნენ, თუმცა იმ დღეს, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, რესურსცენტრში კი უთხრეს, რომ მათთვის არავის ეცალა. ვივეტა ჩაგინავას თქმით, მოგვიანებით შეიტყო, რომ განცხადება სკოლამ შეიტანა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას თქმით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი გვიანობამდე მუშაობს და ამისგან პრობლემა არ უნდა შეიქმნას, თუმცა მიიჩნევს, რომ კარგი იქნება და მიესალმება, თუ მუნიციპალიტეტი შეძლებს ავტობუსის გამოყოფას. მისივე თქმით, თავად ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფენ, რადგან დადგენილების მიხედვით, მხოლოდ სოფლების ტერიტორიას ემსახურებიან, ისიც იმ შემთხვვევაში, როცა მანძილი ორ კილომეტრს აღემატება.
თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ წერილი სკოლისგან მიიღეს, ამ ეტაპზე კი მას განიხილავენ. პასუხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეჯერდებიან.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.